საკანონმდებლო პრაქტიკის (LFP) პროგრამა

საკანონმდებლო პრაქტიკის (LFP) პროგრამა დაფინანსებულია ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ და მას საქართველოში, უკრაინასა და რუსეთში ადმინისტრირებას უწევს საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოები (ACTR/ACCELS).

პროგრამის მიზანია: ფინალისტებმა გაიღრმაონ ამერიკის საკანონმდებლო პროცესებზე ცოდნა; ასევე გაიცნობიერონ მოქალაქეთა როლისა და მათი პოლიტიკაში ჩართულობის მნიშვნელობა პრაქტიკის საფუძველზე; დამყარდეს თანამშრომლური ურთიერთობა ამერიკულსა და უცხოურ ორგანიზაციებს შორის; შემუშავდეს ერთობლივი ძალებით პრაქტიკული გადაწყვეტილება საერთო პრობლემებზე.

მნიშვნელოვანი ფაქტები:

2011 წლის პროგრამის 20 ქართველი ფინალისტი კონკურსის საფუძველზე შეირჩევიან. მასში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა შეავსონ ელექტრონული ანკეტა მისამართზე:https://ais.americancouncils.org, რის შემდეგაც შეირჩევიან ნახევარფინალისტები და დაენიშნებათ გასაუბრება. ფინალისტებს შეარჩევენ შეერთებულ შტატებში ამერიკული საბჭოების სათაო ოფისის მიერ მოწვეული დამოუკიდებელი კომისიის წევრები.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩასვლისთანავე ფინალისტები გაივლიან სამდღიან ინტენსიურ კურსს კოლორადოს შტატის ქალაქ დენვერში, რომლის ფარგლებშიც ისინი მიიღებენ ინფორმაციას ამერიკაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე. პროგრამის მონაწილეები 5 კვირიან სტაჟირებას გაივლიან შტატის საკანონმდებლო და ქალაქის ადგილობრივი მმართველობის ორგანოებში და ჩაერთვებიან საშტატო მმართველობის, სახელმწიფო ზედამხედველობისა და მოქალაქეთა აქტიურობასთან დაკავშირებულ ყოველდღიურ პროცესებში. პროგრამის დასასრულს, დედაქალაქში (Washington DC), ფინალისტები 2 დღიანი კონფერენციის ფარგლებში შეხვდებიან პროგრამის მონაწილეებს: სამხრეთ ამერიკიდან, ინდონეზიიდან, ფილიპინებიდან, მალაიზიიდან, სინგაპურიდან, ტაივანიდან, ქუვეითიდან, ომანიდან, ბრაზილიიდან, კოლუმბიიდან, ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან, ინდოეთიდან, ნეპალიდან და პაკისტანიდან, ასევე გაეცნობიან ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნების საკანონმდებლო სისტემებს.

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ პირობებს:

განაცხადის შევსების დროისათვის უნდა იყოს 25-35 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე;

  • უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას (ჰქონდეს Paper based TOEFL-ში 500-ზე, CBT-ში 173-ზე, IBT-ში 61-ზე, IELTS-ში 6-ზე მეტი ქულა, ან გავლილი საუნივერსიტეტო დონის ინგლისურ ენოვანი პროგრამა). იმ შემთხვევაში თუ გახდებით ნახევარფინალისტი და არ გექნებათ ზემოთხსენებული არც ერთი საბუთი, საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოები თავისივე ხარჯებით
  • უნდა ჰქონდეს საბაკალავრო ხარისხი;
  • უნდა ჰქონდეს გამოცდილება საჯარო სექტორში მუშაობისა (საკმარისია პრაქტიკის ან სტაჟირების სახით) და შესაბამისი ცოდნა საქართველოს საკანონმდებლო სისტემისა;
  • უნდა ჰქონდეს სურვილი სამომავლოდ საჯარო სექტორში მუშაობისა;
  • უნდა ავლენდეს ლიდერისა და ურთიერთთანამშრომლობის უნარებს.

მნიშვნელოვანი თარიღები:

საგაზაფხულო პროგრამის განაცხადის შევსების ბოლო ვადაა: 2011 წლის 15 ნოემბერი; სტაჟირების პერიოდი: 2011 წლის მარტის ბოლოდან, მაისის დასაწყისამდე.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით:

საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოები საქართველოში, ი. ჭავჭავაძის გამზირი 27/29, 0179, თბილისი, ტელ: (995 32) 292106, 913272, 913252ელექტრონული ფოსტა: lfp.georgia@gmail.com, ვებ გვერდი: http://apps.americancouncils.org/lfp/

Advertisements
| დატოვე კომენტარი

კვირეული “Get Online!”

შემდეგი ორი თვის განმავლობაში კერძო ტელეცენტრები, ტელეცენტრთა ქსელები, საჯარო ბიბლიოთეკები, ICT (საინფორმაციო, საკომუნიკაციო და ტექნოლოგიების) კომპანიები, საგანმანათლებლო დაწესებულებები, და ათასობით ევროპელი offliner-ი ჩაერთვება ასობით აქტივობაში, საწვრთნელ ღონისძიებებში, სემინარებში და სხვა. კამპანია დასრულდება კვირეულით Get Online (ჩაერთეთ ინტერნეტში), რომელიც 28 თებერვილიდან 5 მარტამდე ჩატარდება.

კვირეული Get Online ( ჩაერთეთ ინტერნეტში) არის კამპანია, რომელიც მთელი ევროპის მასშტაბით ხორციელდება კომპიუტერის ახალბედა მომხმარებლების ინტერნეტ ქსელში ჩასართველად.  2010 წლის მარტში კამპანია ევროპის e-უნარების განვითარების კვირეულის ნაწილი იყო და მასში 70 000 ადამიანი ჩაერთო.

კვირეული Get Online ( ჩაერთეთ ინტერნეტში) მიზნად ისახავს:

  1. მეტი ადამიანი ჩაერთოს ინტერნეტში (სამიზნე ჯგუფს ის ევროპელები წარმოადგენენ, რომლებსაც არასდროს არ უსარგებლიათ ინტერნეტით).
  2. აამაღლოს გათვითცნობიერებულობა მედიის და სხვა საშუალებებიდ საშუალებით იმაზე, თუ რა სარგებლობა მოაქვს კომპიუტერითა და ინტერნეტით სარგებლობას.

კამპანიის სამიზნე ჯგუფებია:

  • · ის მოქალაქეები, რომლებიც არ გამოიყენებენ ინტერნეტს –  (Firs Click – უფასო პროგრამა კომპიუტერის მოხმარების დასაუფლებლად –http://www.trainingwa.wa.gov.au/firstclick/detcms/portal/)
  • · უმუშევარი, ან უმუშევრობის რისკის ქვეშ მყოფი მოსახლეობა – ონლაინ განცხადებები სამუშაოს შესახებ – Jobs Online www.jobsonline.net
  • · ეროვნული უმცირესობები, ემიგრანტები – ელექტრონული მოქალაქეობა (სახელმწიფო მართვის ონლაინ სამსახურები) – eCitizenship http://www.clas.wayne.edu/citizenship/upload/index.php
  • · ინტერნეტის ხანდაზმული მომხმარებლები – Senior Surders http://www.nscseniorsurfers.com/
  • · მდედრობითი სქესის ინტერნეტ მომხმარებლები – Women Online http://www.wowwomen.com/
  • · ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ჯგუფი – ონლაინ მომსახურება (მაგ. საბანკო მომსახურება)

კვირეულში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: http://www.ph-int.org/getonline/stakeholders.php

ოფიციალური ვებ-გვერდის მისამართია: http://getonlineweek.eu/about/

 

| დატოვე კომენტარი

წიგნი სოციალურ მედიაზე – თავი III

ლინკი  წიგნის I თავზე…

ლინკი  წიგნის II თავზე…

როგორ შეცვალა ინტერნეტმა კაცობრიობა

უყვართ მეცნიერებს ისეთი ტერმინების გამოგონება, რომლის საშუალებითაც შეიძლება ბევრ, ძალიან ბევრ რთულ შეკითხვას უცებ გასცე პასუხი. თანაც ისე, რომ ერთი მხრივ, ჭკვიანიც გამოჩნდე და მეორე მხრივ, ყოველი შემდეგი კითხვის შესაძლებლობა ერთიანად გააქრო. ასეთია, მაგალითად, ტერმინი „სინგულარობა“. აი, ფიზიკოსს რომ ჰკითხო, რა იყო სულ თავიდან,  სულ სულ თავიდან, სანამ ჩვენი სამყარო გაჩნდებოდაო, გეტყვის, მარტივად და გაუგებრად – სინგულარობაო. რაც იმას ნიშნავს, რომ მაშინ, ისეთი პროცესები ვითარდებოდა, რომ მათი აღწერა, აღრიცხვა, გაზომვა შეუძლებელია, ვინაიდან მაშინ არც დრო არსებობდა და არც სივრცე. ანუ ყველაფერი იმდენად სხვანაირი იყო, რომ ჩვენ ამას ვერც გავიაზრებთ და შესაბამისად, ვერც განვსაზღვრავთ. ასტროფიზიკოსები ამ ცნებას შავ ხვრელებში მიმდინარე პროცესების აღსაწერად იყენებენ, ისინი ამბობენ, რომ არსებობს ერთგვარი საზღვარი, რომლის იქით უკვე სინგულარობა იწყებაო. ეს ერთგვარი უკან ვეღარ დაბრუნების ზღვარია. გადააბიჯებ მას და ვეღარ დაბრუნდები უკან, წინ კი დრო და სივრცე ისეთი კანონებით ვითარდება, რომლის ზღვარს მიღმა მდგომი დამკვირვებლის მიერ გააზრება და გამოთვლა შეუძლებელიაო.
კიდევ ამ ტერმინს ფუტუროლოგები იყენებენ ხოლმე. ისინი ამბობენ, აწ უკვე ახლო მომავალში, ტექნიკური პროგრესი შექმნის ისეთ მოწყობილობებს, რომელთაც თავად შეეძლებათ სრულყოფა და განვითარება. შესაბამისად, ეს მოწყობილობები იმდენად განვითარდებიან, რომ საგრძნობლად გაუსწრებენ თავისი შესაძლებლობებით ადამიანებს. ტექნოლოგიური სინგულარულობის თეორიის მომხრეები თვლიან, რომ თუკი შეიქმნება ადამიანის გონისგან განსხვავებული, მაღალტექნოლოგიური, ხელოვნური ინტელექტი, ცივილიზაციის მომავლის განსაზღვრა შეუძლებელი გახდება. ანუ ორი სიტყვით რომ ვთქვათ, ისეთი რაღაცები მოხდება, რომლის გააზრება ადამიანისთვის შეუძლებელია და შესაბამისად, მცდელობაც კი უაზრობაა. ადვილია არა ესე ერთი ხელის მოსმით ყველა კითხვაზე პასუხის მოძებნა. მაგრამ იქნებ ვდგავართ კიდეც კაცობრიობა იმ ზღვართან, რომლის გადაბიჯების შემდეგ უკან დაბრუნება შეუძლებელია, და რომლის იქით მიმდინარე პროცესების განსაზღვრა ზღვარს მიღმა დარჩენილი ადამიანისათვის უბრალოდ შეუძლებელია, იქნებ მივადექით კიდეც სინგულარობას.

ციფრული ეპოქის აბორიგენები
ტერმინი ციფრული ეპოქის აბორიგენები (Digital Natives) ამერიკელ პროფესორს მარკ პრენსკის (Marc Prensky) ეკუთვნის. მან ეს ტერმინი ჯერ კიდევ 2001 წელს გამოიყენა. ის უმაღლეს სასწავლებელთა სტუდენტებს აკვირდებოდა და ტერმინი ახალგაზრდების შედარებით ახალი ჯგუფის აღსანიშნად გამოიყენა. მისი თქმით, ეს შესიტყვება იმ ახალგაზრდებს ესადაგება, რომლებიც კომპიუტერული თამაშების, MP3 მუსიკალური საკრავების (MP3 player), ციფრული კამერებისა და მობილური ტელეფონების გარემოცვაში გაიზარდნენ. უფროსი თაობისაგან განსხვავებით, მათ არ მოუხდათ ტექნოლოგიური ბარიერის გადალახვა. მათ არც კომპიუტერზე მუშაობის სწავლება დასჭირვებიათ, ვინაიდან როდესაც ისინი დაიბადნენ, კომპიუტერი უკვე ისედაც იდგა მათ სახლებში და ისინი კომპიუტერს თამაშ თამაშში დაეუფლნენ. ისინი ციფრული ეპოქის მკვიდრი მოსახლეობა არიან.
უფროს თაობას კი თავის დროზე, კომპიუტერზე მუშაობის სწავლა მოუწია და საერთოდ, მათ მაღალტექნოლოგიური მოწყობილობებით გაჯერებულ სამყაროსთან ადაპტაციის რთული პროცესი გაიარეს. ვინაიდან, მაშინ, როდესაც ისინი დაიბადნენ ეს ყველაფერი, ყოველ შემთხვევაში ამ დოზით, არ არსებობდა. შესაბამისად, უფროსი თაობა ამ ეპოქის ემიგრანტები არიან. ემიგრანტების უმრავლესობა კი შეეგუა ახალ რეალობას, მაგრამ მაინც ძველი მოდელებით აზროვნებს. ციფრული ეპოქის ემიგრანტები ემეილებს პრინტერზე ბეჭდავენ და ქაღალდიდან კითხულობენ. მათ ურჩევნიათ კომპიუტერზე აკრეფილი ტექსტი ქაღალდზე ჩაასწორონ და არა პირდაპირ ტექსტურ რედაქტორში. მას შემდეგ, რაც ემაილს აგზავნიან, ტელეფონით რეკავენ და ადრესატს ეკითხებიან, მიიღო თუ არა მან გზავნილი. მათ ურჩევნიათ ურთიერთობების ჩამოყალიბებისას ახალ პარტნიორებს უშუალოდ შეხვდნენ და ისე გაესაუბრონ, ვინაიდან თანამედროვე საკომუნიკაციო საშუალებებით აწყობილ ურთიერთობებს ბოლომდე არ ენდობიან.
როდესაც ემიგრანტები აბორიგენებს ასწავლიან
თავის ნაშრომში „ციფრული ეპოქის აბორიგენები“, ციფრული ეპოქის ემიგრანტები (Digital Natives, Digital Immigrants —  A New Way To Look At Ourselves and Our Kids) მარკ პრენსკის კიდევ ერთი ამერიკელი მეცნიერის, ნეირობიოლოგის ბრიუს დ. პერის (Dr. Bruce D. Perry) სიტყვები მოყავს. „განსხვავებული სახის გამოცდილება ტვინის განსხვავებულ სტრუქტურებს ქმნის“ (Different kinds of experiences lead to different brain structures.). ამიტომაც სულაც არ არის გასაკვირი, რომ ციფრული ეპოქის აბორიგენები განსხვავებული მოდელებით აზროვნებენ და უფრო მეტიც, სხვანაირად გასცემენ და სხვანაირად იღებენ ინფორმაციას. და საერთოდ განსხვავებული ფსიქოტიპები არიან.
როდესაც ციფრული ეპოქის ემიგრანტები ცდილობენ ამავე ეპოქის აბორიგენებს ასწავლონ პარადოქსული სიტუაცია იქმნება. აბა თავად წარმოიდგინეთ მასწავლებელი, რომელიც კარგად ვერ ფლობს სალაპარაკო ენას და აქცენტით ურთიერთობს. როგორ უნდა ასწავლოს მან თავის სტუდენტებს. და სწორედ აქედან იქმნება ასე ნაცნობი სიტუაცია, როდესაც უფროს თაობას ჰგონია, რომ ახალგაზრდები უბრალოდ გაუნათლებლები არიან და ცდილობენ ასწავლონ იმ მეთოდებით და ის ინფორმაცია მიაწოდონ, რომელიც მათთვის არის გასაგები, ხოლო ახალგაზრდა თაობა საერთოდ ვერ ხვდება რას სთხოვენ და რა უნდათ მისგან იმ ადამიანებს, ვისაც ამ თანამედროვე სამყაროში ამდენ მოწყობილობას შორის ორიენტაცია უჭირთ.
ინტერნეტ ტროლები
საერთოდ ახალი ტექნოლოგიები და კერძოდ კი ინტერნეტი, უზარმაზარი სივრცეა ახალი ფსიქოტიპების გამოსავლენად. საქმე მხოლოდ აბორიგენებით და ემიგრანტებით არ შემოიფარგლება. ადამიანმა შექმნა ახალი ტექნოლოგიები და ახლა ახალი ტექნოლოგიები ქმნიან ახალ ადამიანებს. ამის საილუსტრაციოდ ინტერნეტ ტროლებიც გამოდგებიან. ინტერნეტ ტროლებს ისეთ ადამიანებს უწოდებენ, რომლებიც შეურაცხმყოფელ კომენტარებს ტოვებენ ფორუმებზე, ბლოგებზე… საერთოდ ყველგან, სადაც ამის საშუალება არსებობს. გასაგებია, რომ შეიძლება ვიღაცას რაღაცა არ მოსწონდეს და თავის აზრს გამოხატავდეს, მაგრამ ინტერნეტ ტროლების მიერ დატოვებული კომენტარები იმდენად შეურაცხმყოფელია, რომ საერთოდ არ ტოვებს არანაირი დისკუსიისათვის ადგილს. ინტერნეტ ტროლები, როგორც წესი, ფსიქოლოგიური პრობლემების მქონე ადამიანები არიან, რომლებიც სხვისი შეურაცხყოფით ცდილობენ საკუთარი თვითშეფასების ამაღლებას. ფსიქოლოგები გვირჩევენ არ მივცეთ ინტერნეტ ტროლებს საკვები, ანუ, არ ვუპასუხოთ მათ კომენტარებს. ამას არანაირი აზრი არა აქვს, ვინაიდან მათი განკურნება ინტერნეტის საშუალებით, შეუძლებელია.
P.S.
ყველაფერი, რაც ჩვენს ირგვლივ ხდება, მეტად საინტერესოა. სად მიგვიყვანს ეს ყველაფერი – ბუნდოვანია. მაგრამ მაინც სასიამოვნოა, როდესაც ყველაფერზე პასუხი არსებობს – სინგულარობა.

Posted in სოციალური მედია სოციალური ცვლილებებისთვის, SMS აქტივობები, SMS სიახლეები | დატოვე კომენტარი

წიგნი სოციალურ მედიაზე – თავი II

ლინკი  წიგნის I თავზე…

ინტერნეტის ხელახალი დაბადება

როდესაც პირველი ავტომობილი გამოიგონეს, მას  უბრალოდ უცხენო ეკიპაჟი დაარქვეს. ასე იმიტომ მოხდა, რომ იმხანად ადამიანის ცნობიერებაში ავტომობილების ადგილი ჯერ არ არსებობდა და უახლოესი ანალოგიების მოშველიება გახდა საჭირო. ახალი უჩვეულო მექანიზმის ფორმა იმდროინდელ ეკიპაჟს ჰგავდა.დაახლოებით იგივე მოხდა, როდესაც ახალი მედიუმი გაჩნდა – ინტერნეტი. თავიდან იგი უნივერსიტეტების, სამეცნიერო პროექტების და სხვადასხვა ორგანიზაციებს შორის დამაკავშირებელი ქსელი იყო. მერე კი საერთო მოხმარების ქსელად გადაიქცა. მისი გამოყენება უახლოესი ანალოგიების, ტრადიციული მედია საშუაელებების შესაბამისად დაიწყეს. მიუხედავად ამისა, ინტერნეტი სწრაფად იკრეფდა პოპულარობას. ეს, რა თქმა უნდა, ბიზნესის წარმომადგენლებმაც შეამჩნიეს და რამდენიმე წელიწადში ამერიკის საფონდო ბირჟაზე ნამდვილი ინტერნეტ ბუმი ატყდა. აქციების ფასი ზევით იწევდა. ექსპერტები სულ უფრო და უფრო ოპტიმისტურ პროგნოზებს იძლეოდნენ. ბიზნესის წარმომადგენლები ყოყმანის გარეშე აბანდებდნენ უზარმაზარ თანხებს ინტერეტ ტექნოლოგიებში.

საპნის ბუშტი
როგორც ჰენრი ბლოჯეტი (Henry Blodget) ვოლ სტრიტის ყოფილი ანალიტიკოსი ყვება: „იმხანად ფინანსური ანალიტიკოსები ასე მსჯელობდნენ, გასაგებია, რომ ბევრი ახლადშექმნილი კომპანია ვერ გადარჩება და არავინ იცის რამდენი ხანი იარსებებს თითოეული მათგანი, მაგრამ თუ არ ვიაქტიურეთ ჩვენ უმექმედობის, პასიურობისა და არაშორსმჭვრეტელობის გამო  დავისჯებით. შეიძლება, საერთოდ სამსახურიც კი დავკარგოთ.“ იმხანად, ბევრი ინვესტორიც ასე მსჯელობდა – ჯობია ინვესტიცია ჩავდო რაც შეიძლება მეტ კომპანიაში, ზოგიერთი მათგანი ხომ მაინც გადარჩება და საბოლოოდ მაინც მოგებაში დავრჩებიო. თავად ჰენრი ბლოჯეტიც დადებით შეფასებას აძლევდა ხოლმე ისეთ კომპანიებს, რომლებსაც არანაირი პერსპექტივა არ გააჩნდათ. იგი ფინანსური ანალიტიკოსი იყო და ამ გზით შოულობდა ფულს. (აქვე აღვნიშნავ, რომ დღესდღეობით, არაკეთილსინდისიერი საქმიანობის გამო, მას ჩამორთმეული აქვს ფინანსურ ანალიტიკოსად მუშაობის  უფლება).

ფოტოზე: ჰენრი ბლოჯეტი

საბოლოოდ მაღალი ტექნოლოგიების ბუმი „სპეკულატიურ საპნის ბუშტად“ გადაიქცა. ანუ უამრავ ინტერენტ კომპანიას, რომლებშიც სულ უფრო და უფრო მეტი ფული იდებოდა, რეალურად არანაირი მოგება არ მოჰქონდა. ინვესტორები თავიანთ დივიდენდებს ითხოვდნენ. ასე დიდხანს ვეღარ გაგრძელდებოდა და  2001 წელს „სპეკულატიური საპნის ბუშტი“ გასკდა. თითქოს უამრავი ინვესტორი ერთბაშად, ერთდროულად მიხვდა, რომ ინტერნეტში ჩადებული ფული ვერანაირ მოგებას ვერ მოიტანს და საჭიროა ჩადებული ფულის უკან დაბრუნება. საფონდო ბირჟა პანიკამ მოიცვა, ყველა მაღალტექნოლოგიური კომპანიების აქციებს ყიდდა. ბევრი კომპანიის კაპიტალიზაცია საგრძნობლად დაეცა, უამრავი ინტერნეტ კომპანია კი საერთდ გაკოტრდა. პანიკა იმდენად დიდი იყო, რომ ზოგიერთმა ანალიტიკოსმა ჩათვალა – ეს ფინანსური ვარდნა ინტერნეტს ერთხელ და სამუდამოდ დაასამარებსო. მაგრამ, როგორც დღეს ვხედავთ, ეს ასე არ მოხდა. უფრო მეტიც, ის ინტერნეტ კომპანიები, რომლებიც არ იყვნენ საბირჟო სპეკულაციებს აყოლილნი და თავიანთ მომხმარებლებს რეალურ სერვისებს სთავაზობდნენ, დღესაც მუშაობენ. ასეთები არიან მაგალითად: ebay და amazon.com

დოთქომების კრახის შედეგად გაკოტრებული 10 ყველაზე მსხვილი კომპანია


web 2.0
დოთქომების (DOT – COM BUBBLE BUST) ანუ ინტერნეტ კომპანიების კრახი უკვე ჩავლილი იყო, როდესაც 2004 წელს ორი კომპანიის (O’Reilly Media  და MediaLive International) თანამშრომლებმა ბრეინსტორმინგი მოაწყვეს. ერთ-ერთმა ვებ პიონერმა და გამომცემლობა O’Reilly Media-ს ვიცე პრეზიდენტმა, დეილ დაგერტიმ (Dale Dougherty), მოგვიანებით განაცხადა: „იმხანად მე ვთვლიდი, რომ თავად ინტერნეტი შორს არის კრახისგან და სულ უფრო და უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს, ვინაიდან ახალი საიტები და ახალი სერვისები შესაშური რეგულარობით იბადებოდნენ. უფრო მეტიც, იმ ინტერნეტ კომპანიებს, რომლებიც კოლაფსს გადაურჩნენ, რაღაც საერთო ჰქონდათ. იქნებ მოვიდა დრო, ახალ, სრულიად სხვანაირ ინტერნეტზე ვილაპარაკოთ და შესაბამისად, ამ ინტერნეტს განსხვავებული სახელი დავარქვათ, მაგალითად, ვებ 2.0 (web 2.0). შეხვედრის მონაწილეები დამეთანხმნენ“.  ერთი წლის შემდეგ დეილ დაგერტიმ სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც ახალი ინტერნეტის, ვებ 2.0-ს პრინციპები იყო ჩამოყალიბებული. ამ დღიდან საბოლოოდ დამკვიდრდა ეს ტერმინი და სულ მცირე დროში ძალზედ პოპულარი გახდა. ამ მასალის მომზადებისას google-ს საძიებო სისტემაში web 2.0 ავკრიფე. გაირკვა, რომ იგი 346,000,000 ინტერნეტ გვერდშია მოხსენიებული. დღეს შეიძლება გაიგონოთ –  ვებ 3.0-ის ერა დაინწყოო, ან ვებ 4.0 -ისო, ან კი სულაც ამჟამად ვებ 5.0 პრინციპებიაო გამეფებული და ა.შ. თვითოეულ ამ ტერმინს თავისი განმარტებები აქვს, მაგრამ ეს, უბრალოდ, არამახვილგონივრული ექსპერტების მცდელობაა, დეილ დაგერტის მსგავსად, ახალი ტერმინი დააფუძნონ. მაშ რა არის ეს web 2.0ტერმინი რომ პოპულარული გახდა, გასაგებია, ალბათ, იგი თქვენც გაგიგიათ, მაგრამ რას გულისხმობს ეს ტერმინი? რა ცვლილებები მოხდა რეალურად ინტერნეტში? ამის გარასკვევად რამდენიმე მაგალითს მოვიყვან:კომპანია DoubleClick-ი 1997 წელს შეიქმნა. სულ მცირე დროში იგი ინტერნეტის სარეკლამო ბაზრის მნიშვნელოვან ნაწილს ფლობდა. მისი მუშაობის პრინციპი უახლოესი ანალოგის, ტრადიციული მედიის შესაბამისად იყო აგებული. თუკი სარეკლამო კომპანიები წინასწარ ყიდულობენ ტელევიზიებში, რადიოებში და ბეჭდურ მედიაში სარეკლამო ადგილს და შემდგომ თავიანთ კლიენტებს ნაყიდ სივრცეს მცირე ზომის პაკეტების სახით სთავაზობენ DoubleClick-იც სწორედ ასე იქცეოდა. კომპანიის წარმომადგენლები კვლევების შედეგად გამოვლენილ ყველაზე პოპულარულ ვებგვერდებზე ყიდულობდნენ სარეკლამო ფართობს და შემდგომ ამ სარეკლამო ადგილებს თავიანთ კლიენტებს სთავაზობდნენ. დეილ დაგერტიმ თავის სტატიაში DoubleClick-ი, ვებ 1.0 პრინციპებზე მომუშავე კომპანიად დაასახელა. მის საპირწონედ ვებ 2.0 პრინციპებზე მომუშავე ყველასთვის ცნობილი Google-ის სერვისი AdSense მოიყვანა. Google-ის სერვი AdSense კომპანიის შემოსავლის ძირითადი წყაროა. ეს სერვისიც ინტერნეტ რეკლამას ყიდის. მისი მოხმარება გაცილებით უფრო მარტივია. რეგისტრირდები შესაბამის ვებგვერდზე, იხდი საფასურს და თავად ირჩევ რა შემთხვევაში უნდა გამოჩნდეს შენი სარეკლამო განცხადება. შეიძლება არც კი მიგიქცევიათ ყურადღება, მაგრამ Google, საძიებო რეზულტატთან ერთად, სარეკლამო განცხადებებსაც გთავაზობთ. რეკლამა მარჯვენა მხარეს და საძიებო რეზულტატის თავზე ოდნავ მოყვითალო ფონზე არის განთავსებული. გუგლის ამ სერვისს აშკარა უპირატესობა აქვს DoubleClick-თან შედარებით. ამ სერვისით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან. სულაც არ არის საჭირო არანაირი ხელშეკრულების გაფორმება. უბრალოდ, შედიხარ ვებგვერდზე, რეგისტრირდები, იხდი ფულს და თავად ირჩევ შენს სარეკლამო პოლიტიკას.ვებ 2.0 პრინციპებზევე არის აგებული ინტერნეტ აუქციონი ebay-ც. აქაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გასაყიდად გამოიტანოს ან შეიძინოს ნებისმიერი ნივთი. დღეს ebay მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესი კომპანიაა, არადა პირველი ლოტი, რომელიც ამ სერვისის საშუალებით გაიყიდა, სათამაშო ლაზერული ხმალი იყო. აი ისეთი, ფილმ „ვარსკლავეთის ომში“ რომ არის ნაჩვენები. ერთი სიტყვით, ვებ 2.0-ის პრინციპები გულისხმობს ისეთ სერვისებს, როდესაც მომხმარებელს სთავაზობენ პლატფორმას, რომელსაც იგი თავად ამდიდრებს. ანუ, Google-ის AdSense-ის შემთხვევაში, გუგლი მომხმარებელს სთავაზობს უბრალოდ სარეკლამო სივრცეს, ხოლო დანარჩენს თავად მომხმარებელი აკეთებს. იგივე ხდება  ebay-ის შემთხვევაშიც. ვინაიდან ერთი მომხმარებელი ანთავსებს ამ ონლაინ მაღაზია აუქციონზე პროდუქტს და მეორე კი ყიდულობს. ვებ 2.0-ის საილუსტრაციოდ მშვენივრად გამოდგება Facebook-იც. მაგალითად, ერთ Facebook-ისათვის არც ისე მშვენიერ დღეს, მომხმარებლებმა ინფორმაციის განთავსება რომ შეწყვიტონ, სოციალური ქსელი მოქმედებას შეწყვეტს. ანუ, სოციალური ქსელი თავის მომხმარებლებს სთავაზობს პლატფორმას, რომელსაც ისინი თავად  ამდიდრებენ. თუკი თავიდან ინტერნეტში მხოლოდ მეცნიერები ბუდობდნენ, მერე ამ ქსელში დიზაინერები და პროგრამისტები მოვიდნენ და ინტერნეტის მოწყობა, გალამაზება დაიწყეს. დღეს კი ვებ 2.0 – ის ეპოქაში ინტერნეტი ყველასთვის ღიაა. ნებისმიერ ადამიანს, უამრავი სერვისის დახმარებით, თავად შეუძლია შექმნას ინტერნეტში ის, რაც მას უნდა.

სანდრო ასათიანი
Posted in სოციალური მედია სოციალური ცვლილებებისთვის, SMS აქტივობები, SMS სიახლეები | 5 Comments

თბილისის შეხვედრა

სექტემბერში სანდრო, ნანა და მე (დოდკა) თბილისში ჩატარებული ტრენინგების სტუდენტებს შევხვდით.

შეხვედრა ისევ იქ გაიმართა, სადაც ტრენინგები გვქონდა, საქართველოს უნივერსიტეტში. ის ოთახი კიდევ დიდხანს არ დაგვავიწყდება არავის ალბათ. ზაფხულის ყველაზე ცხელი პერიოდი, უზარმაზარი ფანჯრებიდან შემოჭრილი მზე, 30 ჩართული კომპიუტერისგან კიდევ უფრო უარესად გახურებული ოთახი და ერთადერთი ვენტილატორი, რომელიც, რა თქმა უნდა, არაფერს აგრილებდა, თუ მაინც და მაინც თავს არ შეყოფდი შიგნით. 🙂

საბედნიეროდ, ამ შეხვედრაზე უკვე იმდენად აღარ ცხელოდა და მხიარულად და აქტიურად გავატარეთ 2 საათი.

თბილისის შეხვედრას 17 სტუდენტი დაესწრო. ზოგმა ინდივიდუალური, ზოგმა კი ჯგუფური პროექტების შესახებ მოგვიყვა. გვითხრეს, თუ რა გააკეთეს აქამდე, რას აპირებენ მომავალში და დაგვპირდნენ, რომ შემოდგომის დადგომასთან ერთად უფრო გააქტიურდებიან. დაგროვილი კითხვებიც დასვეს და, რაც ყველაზე მეტად გამიხარდა, ერთმანეთსაც უპასუხეს უამრავ შეკითხვაზე.

რამდენიმე ბლოგის პროგრესმა აღმაფრთოვანა. დარწმუნებული ვარ, ბავშვები ამ პროექტის დასრულების მერეც გააგრძელებენ ბლოგერობას, საინტერესო პოსტების წერას, ინფორმაციის მოძიებას და სხვისთვის გაზიარებას.

ჩვენ ყველას შეგვიძლია შევცვალოთ ჩვენი ქვეყანა და მთლიანად სამყარო სულ ცოტათი მეტად უკეთესობისკენ.  მინდა, რომ ყველამ გაიაზროს, ამის გაკეთება არც ისე ძნელია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. თქვენ უკვე ცვლით სამყაროს უკეთესობისკენ თქვენი ბლოგებით.

Posted in SMS აქტივობები, SMS სიახლეები | 4 Comments

SMS კომპონენტის ყველაზე რეიტინგული სტუდენტური პროექტები

იხილეთ SMS კომპონენტის მონაწილეთა ყველაზე უფრო რეიტინგული ბლოგები:
1. http://iakodaeko.wordpress.com
1. http://greenrustavi.wordpress.com
2. http://hearthelp1.wordpress.com
3. http://samachablo.wordpress.com
4. http://tbiliselicxovelebi.wordpress.com
5. http://kindworld.wordpress.com
5. http://arasrultslovanidasaqmeba.wordpress.com

Posted in ადამიანის უფლებები, აქტიური მოქალაქე, კანონი და მოქალაქე, სოციალური მედია სოციალური ცვლილებებისთვის, ცხოვრების ჯანსაღი წესი, SMS აქტივობები, SMS სიახლეები | 4 Comments

წიგნი სოციალურ მედიაზე – თავი 1

არსებობს იდეა – სოციალურ მედიაზე სახელმძღვანელოს შექმნის. ძალიან გამიხარდება თუკი ამ საქმეში დამეხმარებით. პერიოდულად ბლოგზე დავდებ სახელმძღვანელოს თავებს და თუკი თქვენი კომენტარებით შემეშველებით მადლობელი ვიქნები.

თავი პირველი

საიდან გაჩნდა ინტერნეტი

ინტერნეტი წარმოადგენს კომპიუტერების ერთმანეთთან დამაკავშირებელ ქსელს. ინტერნეტი ფაქტობრივად ერთი დიდი ქსელია, რომელშიც გაერთიანებულია შედარებით მცირე სხვადასხვა სახის ქსელები – როგორიცაა პრივატული და საზოგადო, აკადემიური, ბიზნეს და სამთავრობო ქსელები. ინტერნეტს არ გააჩნია ერთიანი ხელმძღვანელობა და ინტერნეტ ტექნოლოგიების ტექნიკური სტანდარტები ყველასთვის გახსნილია.
ინტერნეტის რუკა: ინტერნეტის შემადგენელ სერვერებს შორის არსებული კავშირების გამოსახულება
ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში, ხშირად გვესმის ფრაზები, რომლებსაც არ ვუკვირდებით. ერთი ყურიდან შევუშვებთ  და მეორედან გამოვუშვებთ. მართალია ზოგჯერ ეს ფრაზები სრულებით უსარგებლოა, მაგრამ ზოგჯერ ინფორმაცია ტევადი  და  საინტერესოც კი არის.
აი, მაგალითად, ფრაზა: დღეს ინტერნეტი ადამიანის ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში შემოიჭრა. ზუსტად ისეთი ფრაზაა, ერთი ყურიდან რომ უნდა შეუშვა და მეორედან გამოუშვა. მეც ასე ვიზამდი, მაგრამ როდესაც ეს ფრაზა რადიოში მოვისმინე მას საინტერესო განმარტებაც მოჰყვა. რადიოწამყვანი ყვებოდა:
– მე მაშინ მივხვდი, რომ ინტერნეტმა მართლაც ყველაფერი მოიცვაო, როდესაც ქუჩაში ორი დიასახლისის საუბარს მოვკარი ყურიო. ერთი მეორეს რაღაც ყოველდღიური მოხმარების საგანზე ეკითხებოდა, ვერსად  ვიყიდეო, შენ ხომ არ იცი სად შეიძლება ვნახოო. მეორემ კი უპასუხა, აი ამა და ამ მისამართზე შედი ინტერნეტშიო და ინტერნეტითვე იყიდეო. და თუკი უკვე დიასახლისებიც ყოველდღიური მოხმარების ნივთების ყიდვისას ინტერნეტს იყენებენ, მაშინ ინტერნეტი მართლაც ყველგან ყოფილაო – ყვებოდა რადიოწამყვანი. უფრო მეტიც, მაშინ თავად მეც, ამ რადიოგადაცემასაც ინტერნეტით ვუსმენდი.  რაც კვლავ იმაზე მეტყველებს, რომ ინტერნეტი მართლაც ადამიანის ცხოვრების ყველა სფეროში ყოფილა შემოჭრილი.
მაგრამ საიდან გაჩნდა ინტერნეტი? ის ნამდვილად არ შეუქმნიათ მხოლოდ იმისთვის, რომ ადამიანებს რადიო მოესმინათ და არც იმისთის, რომ დიასახლისებს საჭირო ნივთების მოძებნა გაადვილებოდათ და არც იმიტომ რომ…

შეშფოთებული ამერიკელი სამხედროები

ინტერნეტის შექმნის ერთიანი თარიღი არ არსებობს, ვინაიდან სხვადასხვა ადამიანები ათვლის წერტილად სხვადასხვა მოვლენას ასახელებენ. კაცობრიობა ტექნოლოგიებს ავითარებდა, ახალი ტექნოლოგიები კი მას ახალ შესაძლებლობებს სთავაზობდნენ, ხანდახან ძალიან მოულოდნელი კუთხითაც კი.
მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირმა 1957 წელს ხელოვნური თანამგზავრი შექმნა და დედამიწის ორბიტაზე გაუშვა, შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტრომ ჩათვალა, რომ საბჭოთა კავშირში ტექნოლოგიები საკმაოდ მაღალ დონეზეა განვითარებული და ფართომასშტაბიანი ომის შემთხვევაში, ამერიკელებს დასჭირდებათ ინფორმაციის გადაცემის საიმედო სისტემა. აქამდე არსებული სისტემების ერთ-ერთი ნაკლი ის იყო, რომ მათ ჰქონდათ სამართავი ცენტრი, ანუ  ადგილი, რომლის გათიშვის შემთხვევაშიც მთელი სისტემა ითიშებოდა. მაგალითად, ტელევიზიაში ცენტრალური სააპარატო თუ გამოირთო, მაშინ მთელი ტელევიზია გაითიშება. რადიოც იგივე პრინციპზეა აგებული. საჭირო იყო ქსელის შექმნა, რომელსაც არ ექნებოდა ერთიანი ცენტრი და მისი სეგმენტების გათიშვის შემთხვევაში დარჩენილი ნაწილები შეუფერხებლად იმუშავებდნენ.
ინტერნეტის რუკა: ინტერნეტის შემადგენელ სერვერებს შორის არსებული კავშირების გამოსახულება
მიღებულ იქნა გადაწყვეტილება შეექმნათ კომპიუტერული ქსელი და მართლაც, 1969 წელს შეიქმნა ARPANET (Advanced Research Projects Agency Network) – ქსელი, რომელიც ოთხ ამერიკულ სამეცნიერო ინსტიტუტს აერთიანებდა. თავად ქსელის შექმნა ამერიკელი სამხედროების მიერ იყო დაფინანსებული. ამ ქსელში ჩართული სერვერები რადიკალურად განსხვავდებოდნენ დღევანდელი კომპიუტერებისგან. მაგალითად, კომპიუტერს Honeywell DP-516-ს მონიტორი საერთოდ არ ჰქონდა, მაუსზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. მონიტორის მაგივრად კი ინფორმაცია სპეციალურ პრინტერებზე იბეჭდებოდა.

პირველი ინტერნეტ კავშირი
1969 წლის 29 ოქტომბერს ARPANET-ის ჩართულ ორ კომპონენტს შორის პირველი კავშირი შედგა. ისინი ერთმანეთისგან 640 კილომეტრით იყვნენ დაშორებულნი. ერთი კალიფორნიის უნივერსიტეტში, ქალაქ ლოს-ანჯელესში (UCLA), მეორე კი სტენფორდის კვლევათა ინსტიტუტში (SRI) მდებარეობდა. ჩარლი კლაინი (Charley Kline) ცდილობდა დაკავშირებოდა სტენფორდის კვლევათა ინსტიტუტის კომპიუტერს და მისთვის მონაცემები გადაეგზავნა. მონაცემთა გადაცემის პროცესს სტენფორდის კვლევათა ინსტიტუტში ბილ დუვალი (Bill Duvall) აკვირდებოდა. ამ ისტორიული ექსპერიმენტის შედეგებს იგი კოლეგას ტელეფონის საშუალებით ამცნობდა. პირველი სეანსის მიმდინარეობისას მოხერხდა მხოლოდ სამი სიმბოლოს გადაგზავნა – LOG, რის შემდეგაც ქსელმა შეწყვიტა ფუნქციონირება. LOG სიტყვა LOGON უნდა ყოფილიყო (ანუ სისტემაში შესვლის ბრძანება). სისტემის სამუშაო რეჟიმში დაბრუნება მხოლოდ საათნახევრის შემდეგ მოხერხდა და შემდეგი ცდა წარმატებით დასრულდა. ზუსტად ეს თარიღი შეიძლება ჩაითვალოს ინტერნეტის დაბადების დღედ.
კომპიუტყრი Honeywell
შემდეგ ARPANET-ში სულ უფრო და უფრო მეტი ამერიკული სასწავლო და სამეცნიერო დაწესებულება ერთიანდებოდა. 1973 წელს ტრანსატლანტიკური კაბელის საშუალებით ქსელში ჩაერთო პირველი უცხოური ორგანიზაციები (დიდი ბრიტანეთიდან და ნორვეგიიდან). ამგვარად ქსელი საერთაშორისო გახდა. სამოცდაათიან წლებში ქსელი ძირითადად გამოიყენებოდა ელექტრონული გზავნილების (email-ების) მიღებისა და გაგზავნისთვის. მაშინვე გაჩნდა პირველი Electronic mailing list, News Groups, Bulletin Board System (BBS).
მაგრამ ამ დროს არსებული ქსელი ჯერ კიდევ თავისუფლად ვერ ურთიერთქმედებდა სხვა ქსელებთან, რომლებიც განსხვავებული პრინციპებით იყო აგებული. ამგვარად 1982-83 წლებში შეიქმნა ერთიანი სტანდარტი. რომელსაც TCP/IP ჰქვია. ეს სტანდარტი დღესაც გამოიყენება სხვადასხვა ქსელების გასაერთიანებლად. TCP/IP-პროტოკოლი გულისხმობს, რომ ქსელში ჩართულ ნებისმიერ მოწყობილობას (კომპიუტერს) ენიჭება ნომერი ანუ  IP-მისამართი და ვინაიდან ყველა კომპიუტერს, რომელიც დღეს ინტერნეტშია ჩართული თავისი უნიკალური ნომერი აქვს, მათ შიორის კომუნიკაციაც მოწესრიგებულია.
1983 წელს ტერმინი ინტერნეტი გახდა ერთიანი ქსელის სახელი. ქსელისა, რომლის მნიშვნელოვან ნაწილს ARPANET-ი წარმოადგენდა. შეიძლება ითქვას, რომ ARPANET-ი ინტერნეტად გარდაისახა.
1989 წელს, ევროპაში ცერნის ლაბორატორიაში (ფრ. Conseil Européen pour la Recherche Nucléaire, CERN), იქ, სადაც დღეს მსოფლიოს წამყვანი ფიზიკოსები ანდრონულ კოლაიდერში თავიანთ ექსპერიმენტებს ატარებენ, დაიბადა ვების (World Wide Web (WWW)) კონცეფცია. ეს კონცეფცია ბრიტანელმა მეცნიერმა ტიმ ბერნეს ლიმ (Sir Timothy John «Tim» Berners-Lee)წარმოადგინა. მისი იდეა ერთი შეხედვით მარტივი და დღევანდელი მომხმარებლისთვის სავსებით ბუნებრივი იყო – იმის ნაცვლად, რომ ინტერნეტის მომხმარებლებს ერთმანეთისთვის ინფორმაცია გაეგზავნათ, საშუალება უნდა ჰქონოდათ, რათა ინტერნეტში გვერდები შეექმნათ, რომელთა საშუალებითაც ინფორმაციის ინტერნეტში განთავსება იქნებოდა შესაძლებელი. ასე გაჩნდა ჩვენთვის ესოდენ ნაცნობი ვებგვერდების კონცეფცია. უფრო მეტიც, ეს გვერდები ერთმანეთთან ლინკებით ინდა ყოფილიყო დაკავშირებული, რათა ადამიანს ერთი გვერდიდან მეორეზე გადასვლის საშუალება ჰქონოდა.

ინტერნეტი ყველგან…
1990 წელს შედგა პირველი შეერთება ინტერნეტთან სატელეფონო ხაზის გამოყენებით (Dialup access). ამგვარად, ინტერნეტის მოხმარება მარტივი და ყველასთვის მისაწვდომი გახდა. ამან ინტერნეტში მასობრივ ჩართვას შეუწყო ხელი.
დღესდღეობით ინტერნეტში ჩართვის უამრავი სხვადასხვა საშუალება არსებობს: თანამგზავრული კავშირი, ტელეფონი, ფიჭური კავშირი, სპეციალური ოპტიკო ბოჭკოვანი ხაზები და სხვა. ვები დღევანდელი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა.
ინტერნეტის აუდიტორია ხუთი წლის განმავლობაში 50 მილიონ მომხმარებლამდე გაიზარდა. სხვა მასობრივი სანფორმაციო საშუალებისთვის მსგავსი რეზულტატის მისაღწევად გაცილებით უფრო დიდი ხანი იყო საჭირო – რადიოს 38 წელი დასჭირდა,
ტელევიზიას – 13, ინტერნეტს კი სულ რაღაც 5 წელი.
2010 წლის იანვარში ინტერნეტში შესვლა საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდანაც გახდა შესაძლებელი. როდესაც ერთ-ერთ კოსმონავტს ჰკითხეს, როგორ გამოიყენა პირველად ინტერნეტი კოსმოსში, მან უპასუხა, რომ კოსმოსიდან თავის მეუღლისთვის ინტერნეტის საშუალებით საჩუქარი დაუკვეთა.

სანდრო ასათიანი
Posted in სოციალური მედია სოციალური ცვლილებებისთვის, SMS აქტივობები, SMS სიახლეები | 17 Comments