წიგნი სოციალურ მედიაზე – თავი 1

არსებობს იდეა – სოციალურ მედიაზე სახელმძღვანელოს შექმნის. ძალიან გამიხარდება თუკი ამ საქმეში დამეხმარებით. პერიოდულად ბლოგზე დავდებ სახელმძღვანელოს თავებს და თუკი თქვენი კომენტარებით შემეშველებით მადლობელი ვიქნები.

თავი პირველი

საიდან გაჩნდა ინტერნეტი

ინტერნეტი წარმოადგენს კომპიუტერების ერთმანეთთან დამაკავშირებელ ქსელს. ინტერნეტი ფაქტობრივად ერთი დიდი ქსელია, რომელშიც გაერთიანებულია შედარებით მცირე სხვადასხვა სახის ქსელები – როგორიცაა პრივატული და საზოგადო, აკადემიური, ბიზნეს და სამთავრობო ქსელები. ინტერნეტს არ გააჩნია ერთიანი ხელმძღვანელობა და ინტერნეტ ტექნოლოგიების ტექნიკური სტანდარტები ყველასთვის გახსნილია.
ინტერნეტის რუკა: ინტერნეტის შემადგენელ სერვერებს შორის არსებული კავშირების გამოსახულება
ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში, ხშირად გვესმის ფრაზები, რომლებსაც არ ვუკვირდებით. ერთი ყურიდან შევუშვებთ  და მეორედან გამოვუშვებთ. მართალია ზოგჯერ ეს ფრაზები სრულებით უსარგებლოა, მაგრამ ზოგჯერ ინფორმაცია ტევადი  და  საინტერესოც კი არის.
აი, მაგალითად, ფრაზა: დღეს ინტერნეტი ადამიანის ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში შემოიჭრა. ზუსტად ისეთი ფრაზაა, ერთი ყურიდან რომ უნდა შეუშვა და მეორედან გამოუშვა. მეც ასე ვიზამდი, მაგრამ როდესაც ეს ფრაზა რადიოში მოვისმინე მას საინტერესო განმარტებაც მოჰყვა. რადიოწამყვანი ყვებოდა:
– მე მაშინ მივხვდი, რომ ინტერნეტმა მართლაც ყველაფერი მოიცვაო, როდესაც ქუჩაში ორი დიასახლისის საუბარს მოვკარი ყურიო. ერთი მეორეს რაღაც ყოველდღიური მოხმარების საგანზე ეკითხებოდა, ვერსად  ვიყიდეო, შენ ხომ არ იცი სად შეიძლება ვნახოო. მეორემ კი უპასუხა, აი ამა და ამ მისამართზე შედი ინტერნეტშიო და ინტერნეტითვე იყიდეო. და თუკი უკვე დიასახლისებიც ყოველდღიური მოხმარების ნივთების ყიდვისას ინტერნეტს იყენებენ, მაშინ ინტერნეტი მართლაც ყველგან ყოფილაო – ყვებოდა რადიოწამყვანი. უფრო მეტიც, მაშინ თავად მეც, ამ რადიოგადაცემასაც ინტერნეტით ვუსმენდი.  რაც კვლავ იმაზე მეტყველებს, რომ ინტერნეტი მართლაც ადამიანის ცხოვრების ყველა სფეროში ყოფილა შემოჭრილი.
მაგრამ საიდან გაჩნდა ინტერნეტი? ის ნამდვილად არ შეუქმნიათ მხოლოდ იმისთვის, რომ ადამიანებს რადიო მოესმინათ და არც იმისთის, რომ დიასახლისებს საჭირო ნივთების მოძებნა გაადვილებოდათ და არც იმიტომ რომ…

შეშფოთებული ამერიკელი სამხედროები

ინტერნეტის შექმნის ერთიანი თარიღი არ არსებობს, ვინაიდან სხვადასხვა ადამიანები ათვლის წერტილად სხვადასხვა მოვლენას ასახელებენ. კაცობრიობა ტექნოლოგიებს ავითარებდა, ახალი ტექნოლოგიები კი მას ახალ შესაძლებლობებს სთავაზობდნენ, ხანდახან ძალიან მოულოდნელი კუთხითაც კი.
მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირმა 1957 წელს ხელოვნური თანამგზავრი შექმნა და დედამიწის ორბიტაზე გაუშვა, შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტრომ ჩათვალა, რომ საბჭოთა კავშირში ტექნოლოგიები საკმაოდ მაღალ დონეზეა განვითარებული და ფართომასშტაბიანი ომის შემთხვევაში, ამერიკელებს დასჭირდებათ ინფორმაციის გადაცემის საიმედო სისტემა. აქამდე არსებული სისტემების ერთ-ერთი ნაკლი ის იყო, რომ მათ ჰქონდათ სამართავი ცენტრი, ანუ  ადგილი, რომლის გათიშვის შემთხვევაშიც მთელი სისტემა ითიშებოდა. მაგალითად, ტელევიზიაში ცენტრალური სააპარატო თუ გამოირთო, მაშინ მთელი ტელევიზია გაითიშება. რადიოც იგივე პრინციპზეა აგებული. საჭირო იყო ქსელის შექმნა, რომელსაც არ ექნებოდა ერთიანი ცენტრი და მისი სეგმენტების გათიშვის შემთხვევაში დარჩენილი ნაწილები შეუფერხებლად იმუშავებდნენ.
ინტერნეტის რუკა: ინტერნეტის შემადგენელ სერვერებს შორის არსებული კავშირების გამოსახულება
მიღებულ იქნა გადაწყვეტილება შეექმნათ კომპიუტერული ქსელი და მართლაც, 1969 წელს შეიქმნა ARPANET (Advanced Research Projects Agency Network) – ქსელი, რომელიც ოთხ ამერიკულ სამეცნიერო ინსტიტუტს აერთიანებდა. თავად ქსელის შექმნა ამერიკელი სამხედროების მიერ იყო დაფინანსებული. ამ ქსელში ჩართული სერვერები რადიკალურად განსხვავდებოდნენ დღევანდელი კომპიუტერებისგან. მაგალითად, კომპიუტერს Honeywell DP-516-ს მონიტორი საერთოდ არ ჰქონდა, მაუსზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. მონიტორის მაგივრად კი ინფორმაცია სპეციალურ პრინტერებზე იბეჭდებოდა.

პირველი ინტერნეტ კავშირი
1969 წლის 29 ოქტომბერს ARPANET-ის ჩართულ ორ კომპონენტს შორის პირველი კავშირი შედგა. ისინი ერთმანეთისგან 640 კილომეტრით იყვნენ დაშორებულნი. ერთი კალიფორნიის უნივერსიტეტში, ქალაქ ლოს-ანჯელესში (UCLA), მეორე კი სტენფორდის კვლევათა ინსტიტუტში (SRI) მდებარეობდა. ჩარლი კლაინი (Charley Kline) ცდილობდა დაკავშირებოდა სტენფორდის კვლევათა ინსტიტუტის კომპიუტერს და მისთვის მონაცემები გადაეგზავნა. მონაცემთა გადაცემის პროცესს სტენფორდის კვლევათა ინსტიტუტში ბილ დუვალი (Bill Duvall) აკვირდებოდა. ამ ისტორიული ექსპერიმენტის შედეგებს იგი კოლეგას ტელეფონის საშუალებით ამცნობდა. პირველი სეანსის მიმდინარეობისას მოხერხდა მხოლოდ სამი სიმბოლოს გადაგზავნა – LOG, რის შემდეგაც ქსელმა შეწყვიტა ფუნქციონირება. LOG სიტყვა LOGON უნდა ყოფილიყო (ანუ სისტემაში შესვლის ბრძანება). სისტემის სამუშაო რეჟიმში დაბრუნება მხოლოდ საათნახევრის შემდეგ მოხერხდა და შემდეგი ცდა წარმატებით დასრულდა. ზუსტად ეს თარიღი შეიძლება ჩაითვალოს ინტერნეტის დაბადების დღედ.
კომპიუტყრი Honeywell
შემდეგ ARPANET-ში სულ უფრო და უფრო მეტი ამერიკული სასწავლო და სამეცნიერო დაწესებულება ერთიანდებოდა. 1973 წელს ტრანსატლანტიკური კაბელის საშუალებით ქსელში ჩაერთო პირველი უცხოური ორგანიზაციები (დიდი ბრიტანეთიდან და ნორვეგიიდან). ამგვარად ქსელი საერთაშორისო გახდა. სამოცდაათიან წლებში ქსელი ძირითადად გამოიყენებოდა ელექტრონული გზავნილების (email-ების) მიღებისა და გაგზავნისთვის. მაშინვე გაჩნდა პირველი Electronic mailing list, News Groups, Bulletin Board System (BBS).
მაგრამ ამ დროს არსებული ქსელი ჯერ კიდევ თავისუფლად ვერ ურთიერთქმედებდა სხვა ქსელებთან, რომლებიც განსხვავებული პრინციპებით იყო აგებული. ამგვარად 1982-83 წლებში შეიქმნა ერთიანი სტანდარტი. რომელსაც TCP/IP ჰქვია. ეს სტანდარტი დღესაც გამოიყენება სხვადასხვა ქსელების გასაერთიანებლად. TCP/IP-პროტოკოლი გულისხმობს, რომ ქსელში ჩართულ ნებისმიერ მოწყობილობას (კომპიუტერს) ენიჭება ნომერი ანუ  IP-მისამართი და ვინაიდან ყველა კომპიუტერს, რომელიც დღეს ინტერნეტშია ჩართული თავისი უნიკალური ნომერი აქვს, მათ შიორის კომუნიკაციაც მოწესრიგებულია.
1983 წელს ტერმინი ინტერნეტი გახდა ერთიანი ქსელის სახელი. ქსელისა, რომლის მნიშვნელოვან ნაწილს ARPANET-ი წარმოადგენდა. შეიძლება ითქვას, რომ ARPANET-ი ინტერნეტად გარდაისახა.
1989 წელს, ევროპაში ცერნის ლაბორატორიაში (ფრ. Conseil Européen pour la Recherche Nucléaire, CERN), იქ, სადაც დღეს მსოფლიოს წამყვანი ფიზიკოსები ანდრონულ კოლაიდერში თავიანთ ექსპერიმენტებს ატარებენ, დაიბადა ვების (World Wide Web (WWW)) კონცეფცია. ეს კონცეფცია ბრიტანელმა მეცნიერმა ტიმ ბერნეს ლიმ (Sir Timothy John «Tim» Berners-Lee)წარმოადგინა. მისი იდეა ერთი შეხედვით მარტივი და დღევანდელი მომხმარებლისთვის სავსებით ბუნებრივი იყო – იმის ნაცვლად, რომ ინტერნეტის მომხმარებლებს ერთმანეთისთვის ინფორმაცია გაეგზავნათ, საშუალება უნდა ჰქონოდათ, რათა ინტერნეტში გვერდები შეექმნათ, რომელთა საშუალებითაც ინფორმაციის ინტერნეტში განთავსება იქნებოდა შესაძლებელი. ასე გაჩნდა ჩვენთვის ესოდენ ნაცნობი ვებგვერდების კონცეფცია. უფრო მეტიც, ეს გვერდები ერთმანეთთან ლინკებით ინდა ყოფილიყო დაკავშირებული, რათა ადამიანს ერთი გვერდიდან მეორეზე გადასვლის საშუალება ჰქონოდა.

ინტერნეტი ყველგან…
1990 წელს შედგა პირველი შეერთება ინტერნეტთან სატელეფონო ხაზის გამოყენებით (Dialup access). ამგვარად, ინტერნეტის მოხმარება მარტივი და ყველასთვის მისაწვდომი გახდა. ამან ინტერნეტში მასობრივ ჩართვას შეუწყო ხელი.
დღესდღეობით ინტერნეტში ჩართვის უამრავი სხვადასხვა საშუალება არსებობს: თანამგზავრული კავშირი, ტელეფონი, ფიჭური კავშირი, სპეციალური ოპტიკო ბოჭკოვანი ხაზები და სხვა. ვები დღევანდელი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა.
ინტერნეტის აუდიტორია ხუთი წლის განმავლობაში 50 მილიონ მომხმარებლამდე გაიზარდა. სხვა მასობრივი სანფორმაციო საშუალებისთვის მსგავსი რეზულტატის მისაღწევად გაცილებით უფრო დიდი ხანი იყო საჭირო – რადიოს 38 წელი დასჭირდა,
ტელევიზიას – 13, ინტერნეტს კი სულ რაღაც 5 წელი.
2010 წლის იანვარში ინტერნეტში შესვლა საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდანაც გახდა შესაძლებელი. როდესაც ერთ-ერთ კოსმონავტს ჰკითხეს, როგორ გამოიყენა პირველად ინტერნეტი კოსმოსში, მან უპასუხა, რომ კოსმოსიდან თავის მეუღლისთვის ინტერნეტის საშუალებით საჩუქარი დაუკვეთა.

სანდრო ასათიანი
This entry was posted in სოციალური მედია სოციალური ცვლილებებისთვის, SMS აქტივობები, SMS სიახლეები. Bookmark the permalink.

17 Responses to წიგნი სოციალურ მედიაზე – თავი 1

  1. lola ამბობს:

    წავიკითხე და ძალიან საინტერესოა,ყველაფერი გარკვევით და ნათლადაა წარმოდგენილი…მომეწონა…!:)

  2. Taa ამბობს:

    სანრდო უსაინტერესოესი წამოწყებაა და წარმეტებებს გისურვებთ

  3. maito ამბობს:

    ძალიან საინტერესოა 🙂

  4. Zurriuss ამბობს:

    ძალიან მაგარი იდეაა!

  5. Tiko ამბობს:

    ძალიან კარგი იდეაა, ყველაფერი ძალიან ნაცნობია, რადგან ამ ყველაფერს თქვენს ლექციებზე ვისმენდი. ერთადერთი რასაც დავამატებდი არის ის, რომ ინტერნეტის გაჩენამ, ვფიქრობ, უფრო მეტი თავსატეხი გაუჩინა ტელევიზიაში მომუშავე ადამიანებს და რატომ: თუ ადრე ვიცოდით, რომ კურიერის დროს მოსახლეობა ტელევიზორთან იჯდა და რეკლამასაც უყურებდა, ახლა ესე აღარ არის. დასხდებიან ინტერნეტში და სულაც გადაახვევენ იმ რეკლამასაც კი. ამიტომ რეკლამის მაყურებელთა რიცხვი შემცირდა და შესაბამისად ეს აუცილებლად აისახება ტელევიზიის ბიუჯეტზეც. წარმატებებს გისურვებთ:)

    • socialmediaatschool ამბობს:

      მადლობა თიკო კომენტარებისათვის. ინტერნეტ ტელევიზიაზე ცალკე თავის დაწერას ვგეგმავ. მინდა ტრადიციული და ინტერენტ ტელევიზიის შედარებაც გავაკეთო 🙂 შენს მოსაზრებასაც გავითვალისწინებ აუცილებლად 🙂

    • nuca avalishvili ამბობს:

      სანდრო, ძალიან საინტერესოა , გამახსენდა ლეკციები..მე სიამოვნებით მექნებოდა ეს წიგნი, მარტივი და გასაგები ენით წერია ჩემი აზრით იმ ადგილას, სადაც წერ რომ ინტერნეტი ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროში შემოიჭრა კარგი იკნება უფრო მეტი მაგალითი რომ იყოს, თუნდაც გამოგონილი, მარგამ რაგაც ლოგიკაზე დაყრდნობილი გამაგრება ჭირდება:).. რაც შეეხება აქვე ტელევიზიების და რადიო სადგურების პოზიციის და თავსატეხის ჩადებას მე არ ვეთანხმები.. ეგ იმდენად საინტერესო, პრობლემური და ვრცელი თემაა თავისი მაგალითებით ჯობია ცალკე თავად, რომ გაკეთდეს ..ვრცლად..:0 სანდრო გამიხარდა.. თუ რამით დაგეხმარები ჩემი კომენტარებით სიამოვნებით:0

  6. socialmediaatschool ამბობს:

    მადლობა ნუცა 🙂

    ვინაიდან წიგნი სოციალურ მედიაზე იქნება თითქმის ყველა თავში მოყვანილი იქნება მაგალითები თუ როგორ შეცვალა ინტერნეტმა ტრადიციული მედია და რამდენად ღრმად შემოიჭრა იგი ჩვენს ცხოვრებაში.

    კი ტელევიზიებზე ცალკე თავი მაქ გათვალისწინებული. ეხლა მეორე თავს ვწერ და სამშაბათს დავდებ ბლოგზე

  7. ani iakobashvili ამბობს:

    dzalian saiteresoa da kargi iqneba ert cignad tu gamoushvebt yvelapers socialur mediaze. xshirad rodesac gvainteresebs socialur mediaze esa tu is sakitxi vcdilobt internetit movdzebnot xolme da informaiciac shesabamisad gafantuli da arasrulia. ase rom, ert saxelmdzgvanelod gamoshvebuli informacia socialur mediaze dzalian praqtikuli iqneba yvelastvis.

  8. nino tsipuria ამბობს:

    სანდრო ძალიან კარგი წამოწყებაა, ძალიან გასაგებად არის ახსნილი ინტერნეტის შექმნის პროცესი.
    მგონი ამ თემაზე საქართველოში ჯერ არავის დაუწერია და კარგი, ძალიან კარგი იქნება თუ იმ ადამიანებს ვინც პიარ სფეროშია და იმათაც ვინც არ არის პიარ-ში მაგრამ აინტერესებს ექნებათ წიგნი სოციალურ მედიაზე. მე პირადად ყველაზე მეტად მაინტერესებს საინფორმაციო ტექნოლოგიები და თანამედროვე საზოგადოება, რა შეცვალა ტექნოლოგიებმა ჩვენს რეალობაში და რა გავლენას ახდენს საზოგადოებაზე თანამედროვე ტექნოლოგიები.
    კიდევ ერთხელ გილოცავ, სიამოვნებით წავიკითხავ ყველა თავს.
    წარმატებები 🙂

  9. მივესალმები ყველა ნოვატორულ წამოწყებას.

    სანდრო საქართველოს სოციალური მედიის შესახებ ხომ არ გაქვთ რაიმე ინფორმაცია ან მარკეტინგული მონაცემები?

    • socialmediaatschool ამბობს:

      კი ერთ ერთ თავში მაგაზეც ვაპირებ საუბარს 🙂 ამ მონაცემების მოგროვება ადვილია, ერთის მხრივ საკმარისია ბლოგროლ.გე – ს სტატისტიკისათვის თვალის გადავლება მეორეს მხრივ კი ფეისბუქში ქართული კომპანიების გვერდების გადათვალიერება 🙂

      სოციალური მედიის მხრივ ყველაფერი ჩვენს თვალწინ არის 🙂

      მაგალითად ძალიან თვალნათელი მაგალითია “კოხორის” ბედი, ანუ როგორ შეცვალა სოციალურმა მედიამ ერთი ჩვეულებრივი ქართველის ცხოვრება 🙂

  10. მართლაც ძალიან საინტერესოდ წერთ, თქვენი ყველა სტატია წავიკითხე, რაც ინტერნეტში ვიპოვე და ყველა ასეთივე გასაგები იყო. კარგია ერთად თუ იქნება ეს მასალა თავმოყრილი და ბევრი ძებნის გარეშე შეძლებს დაინტერესებული ადამიანი გაეცნოს მისთვის საინტერესო თემას. თუმცა, ერთი შეკითხვა მაქვს, სახელმძღვანელო მხოლოდ ელექტრონული იქნება თუ ბეჭდურიც?
    რამდენად შესაძლებელია სოციალურ მედიაზე ბეჭდური სახელმძღვანელოს არსებობა, რადგან ეს სფერო ძალიან სწრაფად ვითარდება და 3 წლის შემდეგ შესაძლოა, სახელმღვანელო უკვე “ძველი” იყოს.

    • socialmediaatschool ამბობს:

      ამ ეტაპზე საუბარია რომ სახელმძღვანელოს ორი ვერსია არსებობდეს. ბეჭდური და ელექტრონული.

      მართალია სოციალური მედია ძალაინ სწრაფად ვითარდება და იცვლება, მაგრამ მე ვფიქრობ რომ ბეჭდური სახელმძღვანელოს არსებობაც აუცულებელია ამ ეტაპზე. სახელმძღვანელოს თან ტარება და კითხვა უფრო ადვილია, თანაც გარკვეულწილად სტიმულიც არის სხვებისათვის რომ რაიმე კიდევ უფრო კარგი შექმნან, თუნდაც სამი წლის შემდეგ. ანუ როდესაც არსებობს პრეცენდენტი სხვები ცდილობენ რაიმე უკეთესი გააკეთონ 🙂

  11. გამოხმაურება: წიგნი სოციალურ მედიაზე – თავი 1 | Social Media at School

  12. wissner ამბობს:

    საინტერესო წამოწყებაა.

  13. George Chubinidze ამბობს:

    sheidzleba televiziebis biujeti shemcirda, samagierod dzalian scrafad vitardeba eleqtronuli marketingis sxvadasxva axrebi, magalitad PPC (Pay-Per-Click), Email Marketing, Affiliate Marketing da a.sh.

    koxora kargi magalitia. aseve Twitter-is gamokeneba egviptis revoluciis dros.

    Sandro, siamovnebit vitanamshromlebdi tqventan.

    carmatebebi am sruliad axal da dzalian saintereso camockebashi.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s